შესავალი
როგორ გაუგებარია ხოლმე, თუ რისთვის ღირს ბრძოლა! ზოგი მემარცხენისთვის მტერია ნაციონალიზმი. მასში აისახება ხომ კაპიტალის მიერ უშუალოდ დასმული პოლიტიკური სუვერენის რეპრესიულობა. სუვერენი სამოქალაქო სამართლის, ადამიანის უფლებების ფორმას კი უზრუნველყოფს - უკეთეს შემთხვევაში -, მაგრამ ის ნაციონალური ერთობის რელიგიურ დამკვიდრებაში მდგომარეობს - ყველა დანარჩენის წინააღმდეგ. როგორც კარლ შმიტი წერდა, ეს ნაციონალ-სოციალისტი სამართლის ფილოსოფოსი, რომლისგანაც მაინც შესაძლებელია რაღაცის სწავლა, თუმცა, მხოლოდ ნეგატიური აზრით, სუვერენი იმ გადაწყვეტილებით ყალიბდება, რომ გამიჯნოს მეგობარი და მტერი და ებრძოლოს მას. პრობლემად კი შმიტთან ის რჩება, რომ ის სუვერენს განიხილავს დამოუკიდებლად და მხოლოდ, როგორც ცალკეულ ერთეულს, არ სურს აღიაროს კაპიტალის ურთიერთობა, რომლის ნამდვილი არსებობაც - და არა მისი ლოგიკური ფორმა - ყოველთვის მრავლობით რიცხვშია და მხოლოდ რომლის კონტექსტშიც აღმოცენდება სუვერენი. კაპიტალი მუდამ მრავალ სხვა კაპიტალთან კონკურენციის პირობებში რეალიზდება. ეროვნული სუვერენიც, თუკი ის საერთოდ ახერხებს ჩამოყალიბებას, ერთ-ერთია მრავალთა შორის: ან ძლიერი, ან ნაკლებად, ან ალიანსებში მყოფი, ან იზოლირებული, ან ეკონომიკურად მსხვილი, ან სუსტი. ეს მტერი - ერი, ასევე, ნაციონალიზმი, როგორც ნებისმიერი ეროვნული სახელმწიფოს იდეოლოგია - კი იქნებოდა ის, რასთან შეწინააღმდეგებაც ღირს, რადგან ის არის პოლიტიკური სახე იმ ეკონომიკური ბატონობის გამოვლენისა, რასაც ადორნო გვიანდელ კაპიტალიზმს უწოდებს. გვიანდელის ატრიბუტი კი კაპიტალიზმმა იმიტომ დაიმსახურა, რომ, როგორც ვკითხულობთ დანართში წარმოდგენილ »თეზისებში მოთხოვნილების შესახებ«, თავისუფალი კონკურენციის გაუქმების პირობებში მან კლასობრივი საზოგადოება შეინარჩუნა. ის, რაც საუკუნის წინ ჯერ კიდევ იყო რევოლუციური მოძრაობების იმედი, მუშათა კლასი, და დღესაც არსებობს, უმეტეს წილად, ინტეგრირებული იქნა იმ ეროვნულ ერთობაში, რომლის მესვეურიცაა ნებისმიერი კერძო სახელმწიფო.
ის, რომ ამ ინტეგრაციის პირობების გამოკვლევაა საჭირო, კრიტიკული თეორიის წარმომადგენელთა ნაწილმა უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს გააცნობიერა. თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მოარული კრიტიკაა, რომ მასში მოთხოვნილებები უნდა გაიყოს მცდარი მასობრივი კულტურის მიერ შექმნილებად და, ამდენად, ძალაუფლების გამოვლინებებად და ნამდვილ სიმპტომებად, ჭეშმარიტი სურვილის გამოხატვებად, რომლებიც ინდივიდუალურად მათ აღიარებასა და უშუალო რეალიზაციას მოითხოვენ. ეს პირდაპირი რეალიზაცია ბატონობის სუბვერსიადაც კი განიმარტება - თითქოს მართლაც შესაძლებელი იყოს კერძო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იმ პირობებში, როცა ზოგადად ყველას უწევს შრომა, მაშასადამე, საკუთარი ლტოვებისგან განდგომა და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე მორგება, იმისათვის, რომ გადარჩეს. მოთხოვნილების ცნება ადორნოს და ჰორკჰაიმერის ინტერესის ცენტრში 1940-იან წლების დასაწყისში ექცევა, როცა ისინი »განმანათლებლობის დიალექტიკაზე«, განსაკუთრებით, კულტურის ინდუსტრიის შესახებ თავზე მუშაობდნენ. თეზისები ადორნომ ლოს ანჯელესში, სოციალური კვლევის ინსტიტუტის სხვა წევრებთან ერთად განხილვისათვის მოამზადა. იგულისხმება, რომ გაშლილ თეორიასთან არ გვაქვს საქმე, არამედ, პრობლემების ჩამოყალიბებასთან, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებენ. ნამდვილ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით კი, უკვე განხილულია ის წინააღმდეგობა, რაც ახასიათებს საერთოდ საზოგადოებაში მოთხოვნილებებზე მსჯელობას - ოღონდ, ამავე დროს, არ ხდება ამ წინააღმდეგობების თეორიულადვე გადაჭრა. თუ მათ რამე გადაჭრის, ეს თავად საზოგადრივი ურთიერთობების ცვლილება იქნება. კრიტიკული თეორია, დიალექტიკა, რომელიც მიჰყვება საზოგადოების ნეგატიური მთლიანობის მოძრაობას, მხოლოდ გადმოსცემს წინააღმდეგობებს. ის არ მოგვაჩვენებს, თითქოს მათი გადაწყვეტა, ერთი ან მეორე საპირისპირო პოლუსის სასარგებლოდ, შესაძლებელი იყოს მხოლოდ თეორიაში.
დიქოტომია ეგრეთწოდებულ ნამდვილ და მოჩვენებით მოთხოვნილებებს შორის, ინდივიდის, სავარაუდოდ, გარედან ჩაგრულ შინაგან სამყაროსა და სოციალურ ტაბუებს შორის, არსებული საზოგადოების დამახასიათებელი მომენტია. აქ საზოგადოებრივი აუცილებლობით კერძო, ინდივიდი, გამიჯნული ხდება ზოგადისაგან, საზოგადოებისგან. სოციალური ურთიერთობები აიძულებენ მას, იმოქმედოს გარკვეული სახით, მოერგოს მოგების იმპერატივს კაპიტალის მოძრაობისას კონკრეტულ სფეროში, რის შედეგადაც იგი ეჩვევა განდგომას და, მეტიც, განდგომას - სურვილების უშუალო აღსრულებაზე უარის თქმას - უკუღმართ სიკეთედაც კი მიიჩნევს. მოთხოვნილების დაკმაყოფილება ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ბუნება, ადორნოს თანახმად, გაგებული არა ბუნებისმეტყველების ცნების ობიექტად, არამედ, წარმავალი მატერიის მოძრაობად, თავად უნდა მოვიაზროთ ისტორიული არსის მქონედ. ამიტომ არის, რომ, სავარაუდოდ, ძირეული მოთხოვნილებები იმთავითვე ნებისმიერ საზოგადოებრივ მდგომარეობაში, კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, ყალიბდება ამ საზოგადოების ურთიერთობების ზეგავლენით. დღემდე, ეს ურთიერთობები ინდივიდის ბუნებრივ ტანს რეპრესიის ქვეშ აქცევენ, აიძულებენ რა მას, გარეგნულად და შინაგანად, საკუთარი ლტოლვების რეგლამენტირება მოახდინოს.
მოთხოვნილების წინააღმდეგობის გადაწყვეტა თავად წინააღმდეგობრივია, ადორნოს თანახმად. მცდარია თუ არა რაიმე მოთხოვნილება - თავად კაპიტალისტური ურთიერთობების იმპერატივებით და მისი კულტურით თავს მოხვეული თუ თავისუფალი - ეს საკითხი მეორეხარისხოვანი აღმოჩნდება, თუკი საზოგადოება მთლიანობაში მართლაც ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეუდგება და უარს იტყვის მოგებისათვის წარმოებაზე. როცა გაქრება იძულება, უნივერსალურად აკეთო მხოლოდ საზოგადოებრივად სასარგებლო, მაშინ მოთხოვნილებებიც შეიცვლება, რადგან ისინი, დაკმაყოფილებულნი, ახლებს